პროფესორ მერაბ მიქელაშვილის საჩუქარი ჯორჯიას

უმაღლეს სასწავლებელ ჯორჯიას პროფესორმა მერაბ მიქელაშვილმა დიდი ქართველი საზოგადო მოღვაწისა და მეცენატის, დავით სარაჯიშვილის პორტრეტი საჩუქრად გადასცა. მერაბ მიქელაშვილმა აღნიშნა, რომ დავით სარაჯიშვილის ღვაწლი განუზომელია ქვეყნის წინაშე და ახალგაზრდები უნდა იცნობდეს მის საქმიანობას.

ჯორჯიას სტუდენტებმა პორტრეტი ენთუზიაზმით დაკიდეს მისივე სახელობის საკონფერენციო დარბაზში. ჯორჯია განსაკუთრებულ მადლობას უხდის ბატონ მერაბს.

დავით ზაქარიას ძე სარაჯიშვილი (1848-1911) – საზოგადო მოღვაწე, ქიმიისა და ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, ქველმოქმედი.

თბილისის გიმზანიის დასრულების შემდეგ სწავლობდა პეტერბურგის, მიუნჰენისა და ჰაიდელბერგის უნივერსიტეტებში.

ჰოენჰაიმისა და ჰალეს უნივერსიტეტებში სწავლობდა სასოფლო-სამეურნეო მეცნიერებას. 1878 გაემგზავრა საფრანგეთში მევენახეობისა და მეღვინეობის თეორიული და პრაქტიკული საფუძვლების შესასწავლად.

1888 თბილისში შეიქმნა სარაჯიშვილის კონიაკის ქარხანა, რომელიც მუშაობდა სამამულო ნედლეულის ბაზაზე. იმავე წელს მისივე ინიციატივით მწყობრში ჩადგა ლიქიორის ქარხანა.

სარაჯიშვილის ფირმა აერთიანებდა 5 სარექტიფიკაციო, 1 არყის, 1 ლიქიორისა და 7 კონიაკის ქარხანას, აგრეთვე მრავალ საწყობს თბილისში, მოსკოვში, პეტერბურგსა და სხვა ქალაქებში.

მისმა კონიაკმა და ლიქიორმა რუსეთსა და საერთაშორისო დეგუსტაციებსა და გამოფენებზე მიიღო ოქროს (9), ვერცხლის (5) და ბრინჯაოს მედლები. სარაჯიშვილის ქარხნის ბაზაზე შეიქმნა თბილისის კონიაკის ქარხანა.
სარაჯიშვილის სახელი დაკავშირებულია „ქართველი გლეხობის აღმდგენელი კომიტეტის“, სამუსიკო სასწავლებლის, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისა და სხვა ეროვნული წამოწყებების ჩამოყალიბებასა და შექმნასთან. აფინანსებდა ქართველი სტუდენტების განათლებას.

სარაჯიშვილი ასევე აფინანსებდა ქართულ სოციალ-დემოკრატიულ მოძრაობას და პირადად ნოე ჟორდანიას. მას მიაჩნდა, რომ ქართული ბურჟუაზია არ არსებობდა, თავად-აზნაურობის მმართველობის დრო წასული იყო, ამიტომ ქვეყანას სათავეში მუშათა და გლეხთა პარტია უნდა ჩადგომოდა.